
როგორ გავთავისუფლდეთ შავი წერტილებისგან

გაიგე, როგორ გამოიყენო სწორი მეთოდები და ტექნიკები შავი წერტილების მოსაშორებლად ისე, რომ თავიდან აირიდო ახალი პრობლემები და კანი არ დააზიანო.
საკვანძო მიგნებები:
- ექსფოლიაცია, ნიღბები და ანტიბაქტერიული ინგრედიენტები ხელს უწყობს შავი წერტილების გაწმენდასა და პრევენციას.
- ნიღბები და დამატენიანებლები არსებულ კომედონებს არბილებს და გეხმარება მათ მოცილებაში, თუმცა უკვე ჩამოყალიბებული შავი წერტილებისთვის ყველაზე ეფექტური გზა — პროფესიონალური წმენდისას მათი ექსტრაქცია, ანუ მექანიკურად მოშორებაა.
შავი წერტილების გაწმენდაში მთავარი საქმე პრევენციაა. ისინი ჩნდება მაშინ, როცა ფოლიკული ბინძურდება ცხიმით (სებუმით), მკვდარი უჯრედებითა და ბაქტერიებით. მასში ჟანგბადიც აღწევს, რის გამოც კომედონები შავი ფერის ხდება — ისევე, როგორც გაჭრილი ვაშლი იჟანგება ჰაერთან შეხებისას.
შავი წერტილების პრევენციის 5 გზა
დაუმუშავებელი შავი წერტილები შესაძლოა აკნეს კერად გადაიქცეს, ამიტომ მნიშვნელოვანია ფორების სისუფთავის შენარჩუნება შემდეგი რჩევებით:
1. ექსფოლიაცია
დაბანის შემდეგ გამოიყენე ფხვიერი, ნაზი სქრაბი ან მჟავაზე დაფუძნებული ექსფოლიანტი (მაგ. სალიცილის მჟავა), რათა სიღრმისეულად მოიშორო მკვდარი უჯრედები და ზედმეტი ცხიმი.
2. ნიღაბი
კვირაში 1–2-ჯერ გამოიყენე ნიღაბი, რომელიც შავ წერტილებს არბილებს და ასუფთავებს. ყურადღება მიაქციე ინგრედიენტებს: კაოლინის თიხა, აქტივირებული ნახშირი, გოგირდი — ისინი სიღრმიდან შთანთქავენ ტოქსინებსა და მკვდარ უჯრედებს.
3. ბაქტერიების კონტროლი
ყოველდღიურად გამოიყენე ანტიბაქტერიული შრატი ან ბუსტერი, რომელიც ანადგურებს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს. მოძებნე ინგრედიენტები: სალიცილის მჟავა, აზელაინის მჟავა, თიმოლი ან ტერპინეოლი.
4. დატენიანება
ყოველდღიურად გამოიყენე დამატენიანებელი, თუნდაც ცხიმიანი კანი გქონდეს. ტენიანობის დეფიციტისას კანი უფრო მეტ ცხიმს გამოიმუშავებს, რაც ფორებს კიდევ უფრო ახშობს. კანის ტიპის შესაბამისი დამატენიანებელი კი, არეგულირებს ცხიმოვან ბალანსს.
5. არაკომედოგენური პროდუქტები
მაკიაჟმა, მზისგან დამცავებმა და თმის პროდუქტებმაც კი, შესაძლოა ფორები დაახშონ — განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ ღამით არ იშორებ. გამოიყენე პროდუქტები, რომლებსაც აწერია “non-comedogenic” (არა კომედოგენური) და ყოველთვის გაწმინდე კანი საფუძვლიანად დაძინებამდე.
როგორ გავიწმინდოთ უკვე არსებული შავი წერტილები სწრაფად?
შავი წერტილების შინ გაწმენდა რთულია. ფრჩხილებით მათი გამოწურვა აზიანებს კანს და ავრცელებს ბაქტერიებს, რაც მეტად ამწვავებს მდგომარეობას და იწვევს გამონაყარს.
შავი წერტილების სწრაფად და უსაფრთხოდ მოსაშორებლად, მიმართე პროფესიონალ კოსმეტოლოგს ექსტრაქციისთვის. პროფესიონალური წმენდის პროცედურები ხელმისაწვდომიცაა, სწრაფიც, უსაფრთხოც და უფრო მოსახერხებელიც.
დერმატოლოგიური რჩევა: დეჰიდრატაცია ართულებს ექსტრაქციას. დალიე ბევრი წყალი და ყოველდღიურად გამოიყენე შენი კანისთვის შესაბამისი დამატენიანებელი.